logo
ENG



პრიგოჟინის თქმით, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში "მილიციის" საწვრთნელ ცენტრებს ქმნის

06 ნოე 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/nrsars1rgk20wmx.jpg
Reuters

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინის მოსაზღვრე კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში "სახალხო მილიციის" საწვრთნელი და სამმართველო ცენტრებს ქმნის. 

ინფორმაცია და პრიგოჟინის კომენტარი მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა

პრიგოჟინის თქმით, “მილიცია” მთლიანად ამ რეგიონების მოსახლეობისგან იქნება დაკომპლექტებული. 

“დიახ, ჩვენ ნამდვილად ვქმნით მილიციის საწვრთნელ ცენტრებს. ჩემი აზრით, მილიცია უნდა შედგებოდეს პირველი ხაზისგან, რომელიც მთლიანად ამ რეგიონების მოსახლეობაზე გადის” - განაცხადა პრიგოჟინმა. 

ვაგნერის ჯგუფის მფლობელი აცხადებს, რომ ამ ცენტრების დაფინანსებას თავად, ფედერალური ან რეგიონული ბიუჯეტის დახმარების გარეშე უზრუნველყოფს. 

მისი თქმით, ე.წ მილიციის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა რეგიონულ ბიზნესებსაც ეკისრებათ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ დასაქმებული ზრდასრული კაცების 25%-მა მუდმივად იმსახუროს სანგრებში. 

“თუ თქვენ ხართ პატარა ქარხნის მფლობელი, რომელიც 100 ადამიანს ასაქმებს და მათგან 50 სქესობრივად მომწიფებული კაცია, მაშინ მათი 25%-მა უნდა იმსახუროს სანგრებში, 75%-მა განაგრძოს მუშაობა. და ასე წრიულად - ერთი კვირა სანგრებში, 3 სახლსა და სამსახურში” - განაცხადა პრიგოჟინმა. 

მისი თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც “მილიციისთვის” მოხალისეებს გამოყოფენ, “მოქალაქეობრივი პოზიციის წახალისების” გამო სახელმწიფო ჯილდო გადაეცემათ. 

პრიგოჟინის ცნობით, სანგრებში ყოფნისას ყველა “მოხალისე” შეიარაღებული იქნება, თუმცა დასახლებულ პუნქტებში, თავდაცვითი ხაზის მიღმა იარაღის ტარება არ იქნება დაშვებული.


close დახურვა